Tags
ლარჭემი/სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. სამეგრელოში ლარჭემი ჰქვია, გურიაში – სოინარი. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია, ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან – ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური – “პანის ფლეიტა” – მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება: ანალოგიური საკრავების მილები თანმიმდევრობით კლებადი სიგრძის მიხედვითაა განლაგებული და, შესაბამისად, ბგერათრიგიც თანმიმდევრულია – მელოდიურ-ჰომოფონიური. ქართული ლარჭემ-სოინარის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ მისი აგებულება და წყობა მრავალხმიანობის პრინციპზეა დამყარებული. საკრავის თითოეულ მილს (ღერს) თავისი სახელი აქვს და სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. ლარჭემ-სოინარის დიაპაზონია სექსტა, ბგერათრიგი კი სმენით კორექციას ემყარება. მრავალღერიან სალამურზე უკრავენ მხოლოდ მამაკაცები. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები.