Tags
დუდუკი აღმოსავლურ ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავია. იგი ქართულ ინსტრუმენტარიუმში XVII-XVIII საუკუნიდან ჩნდება. დუდუკი აღმოსავლურ მუსიკალურ საკრავებზე დამკვრელთა მცირე ანსამბლის – ე.წ. დასტის – აუცილებელი კომპონენტია. დუდუკის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც. მისი ბგერათრიგი დიატონურია, თუმცა ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატიული ბგერათრიგიც. რადგან საქართველო მრავალხმიანი მუსიკალური აზროვნების ტრადიციული ქვეყანაა, ამიტომ ამ აღმოსავლურმა სოლო საკრავმა საქართველოში გავრცელების შემდგომ რამდენადმე იცვალა ბუნება და ადგილობრივ ტრადიციას მოერგო: მედუდუკეთა დასტაში აუცილებელი გახდა ერთი ან ორი მედუდუკე – ზედა მელოდიური ხმების შესასრულებლად და ერთი – ბანის დუდუკზე დამკვრელი.