Tags

, , , ,

buxuti-daraxvelidze

დარახველიძე გიორგი (ბუხუტი) ვიქტორის ძე (1914- 1982)

მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა 1914 წლის 15 აგვისტოს, ქუთაისის მაზრის სოფელ ლეხიდრისთავში. გიორგი დარახველიძე განეკუთვნება ხელოვანთა იმ თაობას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით ეზიარა ხალხურ ცეკვას.

თავადაც შესანიშნავმა პედაგოგმა, ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა არაერთი თაობა აღზარდა. ძირითადად მოღვაწეობდა თბილისში, თუმცა დიდი წვლილი შეიტანა ქალაქ ქუთაისის, თელავისა და ახმეტის რაიონების ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში. 1937-1941 წლებში ცეკვავდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, პარალელურად – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1941-1946 წლებში მეორე მსოფლიო ომში მეავტომატეთა ასეულს მეთაურობდა. 1946 წლიდან მუშაობდა: თბილისის ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლში ; თბილისის ცენტრალური კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად (1956-1957 წწ.); საქართველოს პროფსაბჭოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად (1957-1958 წწ.); ამიერკავკასიის რკინიგზის სახლთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლის ხელმძღვანელად, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სახლში – ქორეოგრაფად (1959-1961 წწ.). 1961-1965 წლებში ხელმძღვანელობდა: თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსა და მაქსიმ გორკის სახელობის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, თელავის და ახმეტის ხალხური ცეკვის ანსამბლებს (1968-1970 წწ). 1965-1969 წლებში ქალაქ რუსთავში ახლად შექმნილ მოცეკვავეთა ანსამბლის “სალხინოს” სამხატვრო ხელმძღვანელი და ცეკვების დამდგმელია. 1970-1975 წლებში ქუთაისში ჩამოაყალიბა ხალხური ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლი ,,ქუთაისი”, თან ქუთაისის კულტურულ-საგანმანათებლო სასწავლებელში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მის მიერ მომზადებული კოლექტივები ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევდნენ ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, ახალგაზრდობის საკავშირო და მსოფლიო ფესტივალებზე. 1976 წელს ბუხუტი დარახველიძე დაინიშნა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად. მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI-VII-VIII-IX-X ფესტივალების მონაწილე, ხუთივე ფესტივალის ლაურეატი, ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია. 1957 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1962 წელს რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდებები. ბუხუტი დარახველიძე გარდაიცვალა 1982 წლის 25 ნოემბერს. დაკრძალულია თბილისში